თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში ომი იქნებოდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
„მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდნენ, არ არის ომისთვის მზად, რომ ჩვენ არ ვართ ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომი. კიდევ რა მტკიცებულება გჭირდებათ?!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი უკრაინელი პარტნიორების დავალებების პირდაპირი შესრულებაა.
„ჩვენ კარგად დავინახეთ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე რა რეაქციაც ჰქონდათ. მათი გათვლა იყო შემდეგი: პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა საზოგადოების გარკვეული მღელვარება და რევოლუცია, მიზანი კი რა არის? რა თქმა უნდა, მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, არამედ მათი უკრაინელი პარტნიორების დავალებების შესრულება“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისთვის და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხების გასაცემად მიიწვიეს. ოპოზიციონერები დაინტერესდნენ, რას აკეთებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პერფორმანსებს აწყობს. მან ისინი ფარისევლობასა და სიყალბეში დაადანაშაულა.
„თუ გსურთ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არადა, შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მიმართ მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი“, – მიმართა ოპოზიციას პრემიერმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.