თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ცივი იარაღის ტარებისა და უკანონოდ გაყიდვისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საზოგადოებივ ადგილებში აკრძალული იარაღის ტარება 1ათასი ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება.
კანონპროექტის თანახმად, ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.
ცვლილება შედის ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც: ცივი იარაღის ტარებად ჩაითვლება აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ცივ იარაღს ფლობს იმგვარად, რომ შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.
ცივი იარაღის გასაყიდად საჭიროა ლიცენზია. სალიცენზიო წესების დარღვევით გაყიდვა გამოიწვევს პირის 2 ათასი, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 4 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
ასევე, კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობა. ეს დარღვევა ფიზიკური პირის 1000 ლარით, იურიდიული პირის კი 3 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე ნასამართლევი პირის ან არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის გადაცემისთვის. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 500-დან 1 ათას ლარამდე იქნება, ხოლო მეორეში - 1 ათასიდან 1,5 ათას ლარამდე.
ასევე წესდება ცივი იარაღის უკანონო იმპორტისთვის ჯარიმა, რომლის ოდენობაც 1 ათასი ლარიდან 3 ათას ლარამდე იქნება.
„იარაღის შესახებ“ კანონში შესწორებების თანახმად, ცივი იარაღის შეძენა მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეეძლებათ, რომლებიც შეძენისას წარადგენენ პასპორტს და ნასამართლევობის არქონის შესახებ ცნობას. იარაღის შემძენი პირი ასევე ავტომატურად მოხვდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელი იქნება იმ ცივი იარაღის შეძენა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება. დასაშვები იარაღის ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა სპეციალური დადგენილებით განსაზღვრავს.