თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სტამბულში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილმა აჰლამ ალბაშირმა დაკითხვისას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, იუწყება თურქული გამოცემა NTV.
გავრცელებული ინფორმაციით, ალბაშირმა აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK), რომელიც აკრძალულია თურქეთში.
როგორც ეჭვმიტანილმა განაცხადა, აფეთქების მომენტში ისთიქლიალის ქუჩაზე მარტო არ იმყოფებოდა, მას უთვალთვალებდნენ და ის ბრძანებებს ადგილზე იღებდა.
აჰლამ ალბაშირის თქმით, აფეთქების შესახებ ბრძანება მიიღო იქვე მყოფი ტერორისტისგან, რომელსაც კოდურ სახელად ჰაჯი ჰქვია. როგორც დაკავებული ამბობს, ჰაჯიმ ხალხს გახედა და ანიშნა, რომ აფეთქების დრო იყო.
სტამბულში აფეთქება კვირას, 13 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც დაიღუპა ექვსი და დაშავდა 81 ადამიანი. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. დაკავებულ ეჭვმიტანილთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 50 კაცს.
წყარო: NTV