თბილისში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში გაიმართება

„ჩვენი მიზანია შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობა“ 25 ნოემბერს თბილისში გამართავს აქციას „მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“.
მარში თბილისის ცენტრში გაიმართება. აქციის მონაწილეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ განმარტების ცვლილებას მოითხოვენ.
დღეისათვის საქართველოში გაუპატიურებად ითვლება ძალადობის გამოყენებით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი აქტი.

„ჩვენი მიზანია შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან. ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ისინი მოითხოვენ გაუპატიურების ტერმინის გაფართოებას – რომ თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტიც გაუპატიურებად ჩაითვალოს.
„ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლები, მუსიკალური და გასართობი ინდუსტრიის, ღამის კლუბების და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.