მსოფლიო დღეს

ჩინეთის საგარეო უწყება: სი ძინპინი კანადის პრემიერს არ დამუქრებია - ვიდეო კულუარებიდან

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი G20-ის სამიტზე არ დამუქრებია კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს და არ გაუკრიტიკებია იგი იმისთვის, რომ მათ შორის კონფიდენციალური საუბრის შინაარსმა მასმედიაში გაჟონა, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინმა ბრიფინგზე.
მანამდე ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც კანადური ტელეარხი CTV News-ის რეპორტიორმა გადაიღო და რომელზეც ჩანს, როგორ ესაუბრებიან სი და ტრიუდო ერთმანეთს სამიტის კულუარებში.

„ვიდეოზე ჩანს, რომ ორ ლიდერს შორის ნამდვილად შედგა ხანმოკლე საუბარი G20-ის სამიტზე. ეს სრულიად ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ამის იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს სი ძინპინი აკრიტიკებდა ან ემუქრებოდა ვინმეს, არ შეიძლება“, — განაცხადა პრეს-სპიკერმა.

ამასთან გავრცელებულ ვიდეოში ისმის ჩინეთის ლიდერის სიტყვები, რომელიც ტრიუდოს პირადი საუბრის შინაარსის პრესისთვის გამჟღავნების გამო საყვედურობს.
„გაზეთებში გაჟონა ყველაფერმა, რაზეც ვილაპარაკეთ. ეს უადგილოა და არ არის ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ“, — ამბობს სი.
თავის მხრივ ტრიუდო ეუბნება ჩინეთის ლიდერს, რომ კანადას ღია და პატიოსანი დიალოგის სჯერა და არწმუნებს სის, რომ ოტავა განაგრძობს პეკინთან ერთობლივ კონსტრუქციულ მუშაობას, მაგრამ იქნება საკითხები, რომლებშიც მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები ექნებათ.
G20-ის სამიტი, რომელიც სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბრს ჩატარდა.