თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, უარი თქვა თვითმფრინავიდან გადმოსვლაზე და უკან გაბრუნდა, იუწყება ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების ცნობით, „მიუხედავად ათენის დაუბალანსებელი განცხადებებისა ლიბიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, ტრიპოლი დაეთანხმა დენდიასის ვიზიტს. შესაბამისად, ბერძენ მინისტრს აეროპორტში ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯლა მანკუში პირადად ელოდებოდა.
„მაგრამ მოხდა მოულოდნელი და აღმაშფოთებელი რამ: მინისტრმა უარი თქვა თვითმფრინავის დატოვებაზე და მიზეზების ახსნის გარეშე დაბრუნდა იქ, საიდანაც ჩამოფრინდა“, — ნათქვამია ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ისინი გმობენ მსგავს ქცევას და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
დაგეგმილი იყო, რომ ნიკოს დენდიასი ხუთშაბათს უნდა სწვეოდა აღმოსავლეთ ლიბიას, სადაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან აკილა სალეჰთან და ლიბიის სხვა ოფიციალურ პირებთან უნდა გაემართა შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
მანამდე დენდიასი აცხადებდა, რომ საბერძნეთსა და ლიბიას შორის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტირებას აპირებდა, როგორც კი ლიბიაში არჩეული მთავრობა გაჩნდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი არ ცნობს ტრიპოლის მთავრობასთან თურქეთის მიერ 2019 წლის ნოემბერში გაფორმებულ მემორანდუმს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და საზღვაო ზონებში ურთიერთგაგების შესახებ.
ეს მემორანდუმი გახდა დიპლომატიური დავის მიზეზი. თურქეთმა გამოაქვეყნა საზღვაო ზონების რუკა „თურქეთ-ლიბიური მემორანდუმის გათვალისწინებით“, რომლის მიხედვითაც წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საბერძნეთი თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს, თურქეთს მიეკუთვნება.
თავის მხრივ, საბერძნეთმა 2020 წელს იტალიასა და ეგვიპტესთან საზღვაო ზონების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებები გააფორმა. ეგვიპტესთან შეთანხმება ასევე მოიცავს თურქეთ-ლიბიის მემორანდუმში განსაზღვრულ ზონებს.