ჯარიმების გადაუხდელობა: რა ემუქრება უცხოელებს საქართველოში

ექვს თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეხება ჯარიმებს უცხო ქვეყნის ნომრიანი ავტომობილების მფლობელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო.
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას აფიქსირებენ როგორც პოლიციელები, ისე „ჭკვიანი კამერები“. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პოლიციელები ჯარიმებს ადგილზე წერენ, ვიდეოჯარიმები კი შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამასთან, ადგილობრივი ავტომფლობელები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და უწყებას რეგისტრაციის მისამართზე.
უცხოელების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული არ არიან, ან არ ცხოვრობენ კონკრეტულ მისამართზე, პრობლემას ქმნიდა მათთვის ქვითრების ჩაბარება. შესწორებების თანახმად, შსს-ს საიტზე ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება, რომ დამრღვევი ინფორმირებულია. 30 დღეში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმას დაემატება საურავი.

„ეს საკანონმდებლო რეგულირება ეხება უცხონომრიანი ავტომობილებისგან ვიდეოჯარიმების ამოღების აღსრულებას“, – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

გარდა ამისა, უცხონომრიანი ავტომობილების იმ მფლობელებს, რომლებიც ჯარიმებს არ გადაიხდიან, საქართველოში ხელმეორედ აღარ შემოუშვებენ.
„ეს მექანიზმი საკმაოდ ეფექტური იქნება. თუ პოლიცია დაჯარიმებულ ავტომობილს გააჩერებს ჯარიმის ჩაბარებულად აღიარებამდე, მაშინ ის გადასცემს მას ჯარიმას და გადახდის ათვლის ვადა ამ მომენტიდან დაიწყება“, – აღნიშნა დარახველიძემ.
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
უცხოური ნომრებით მანქანების ვიდეოჯარიმების პრობლემა განსაკუთრებით საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის გამო შეიქმნა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში რჩება, გადაადგილდება რუსულნომრიანი მანქანებით და სახლებს ქირაობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 100 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
საერთო ჯამში 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 36,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.