თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს სხდომას ჩაატარებს პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება ალიანსის პრეს-სამსახური.
„ოთხშაბათს, 16 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით. სხდომა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს გუშინ მომხდარ ინციდენტს მიეძღვნება“, — ნათქვამია ნატოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრეს-სამსახურის ცნობით, სტოლტენბერგი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასაშუალებებს ინფორმაციას მიაწვდის ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს საბჭოს სხდომა ალიანსის მუდმივი წევრების დონეზე გაიმართება.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.
წყარო: NATO