საქართველოში 1 მლნ ლარის კრედიტი უკანონოდ მიიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. კრედიტის უკანონო მიღების ფაქტებზე ცხრა პირის მიმართ სამართლებლივი დევნა დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი.
გამოძიება სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.