საქართველოს პარლამენტმა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ შესწორებებით მიიღო

კანონპროექტში, რომელიც შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია, განმარტებულია, ვინ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად და რაში უნდა შეიზღუდოს ის.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტში პირველი მოსმენის შემდეგ მცირე ცვლილებები შევიდა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. კანონპროექტი ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.
კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი პარლამენტის ექვსი წევრი იყო.
კანონპროექტში, რომელიც შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია, განმარტებულია, ვინ უნდა ჩაითვალოს ოლიგარქად და რაში უნდა შეიზღუდოს ის.
მეორე მოსმენისთვის შეიცვალა ის, თუ ვის კომპეტენციაში იქნება პირის ოლიგარქად აღიარება.
ვარჰეიმ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი პირობა დაასახელა >>
თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის წევრის, კომიტეტისა ან ფრაქციისგან.
კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის პრეროგატივა იქნება.

ვინ არის ოლიგარქი?

პროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს:
მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში;
მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგია, სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.