თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ წუხელ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დაიბარა უწყებაში სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით და მასთან მოკლე შეხვედრა გამართა, იუწყება პოლონეთის ტელევიზია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რუსეთის ელჩი მიიღო. ეს იყო ძალიან ხანმოკლე საუბარი ყოველგვარი თავაზიანობისა და ხელის ჩამორთმევის გარეშე“, — განაცხადა საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ლუკაშ იასინამ.
მისი თქმით, პოლონელი მინისტრისა და რუსი ელჩის შეხვედრა სულ ოთხ წუთს გაგრძელდა, რა დროსაც ზბიგნევ რაუმ ანდრეევს პოლონური მხარის მოსაზრება გააცნო მომხდართან დაკავშირებით.
მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადისადგურ RMF FM-ის ეთერში განაცხადა, რომ მინისტრმა რუსეთის ელჩი სასწრაფოდ გამოიძახა საგარეო უწყებაში, რათა მომხდართან დაკავშირებით განმარტება მიეღო, „ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს რუსეთის ქმედებებთან, რაც ომის დაწყების მომენტიდან პირველად შეეხო პოლონეთს, პოლონეთის ტერიტორიას და დაიღუპნენ პოლონეთის მოქალაქეები“.
ამასთან იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.