ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

იმის მიუხედავად, ვართ თუ არა ცრუმორწმუნე, თითოეულ ჩვენგანს სურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. არსებობს ნივთები, ამ ნივთების განლაგების კანონზომიერება, რაც, ფენ-შუის მიხედვით, სახლში ბედნიერებასა და ბარაქას იზიდავს.
Sputnik
საკუთარი სახლის ავსება ბედნიერებით სრულებით შესაძლებელია. ამისთვის იღბლის თილისმის ტარება მუდმივად სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა ნივთს, რომლებიც დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკით არის დამუხტული. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნივთი ბედნიერებას, წარმატებასა და იღბალს ავტომატურად იზიდავს, ხოლო ზოგიერთი – პირიქით, ამას ბლოკავს და განდევნის.
იზრუნეთ იმაზე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები იყოს თქვენ ყოველდღიურ ყოფაში, მაშინ სახლში სამუდამოდ გამეფდება ბედნიერება, იღბალი, წარმატება.
ნივთები, რომლებიც ბედნიერებას იზიდავს
წითელი კარი
თუ თქვენი შემოსასვლელი კარი სამხრეთითაა, ძალიან გაგიმართლათ. ფენ-შუის თანახმად, ეს კარის ოპტიმალური განლაგებაა.
წითელი შემოსასვლელი კარი – დეკორის რჩეული ელემენტია. ის ყოველთვის იპყრობს მეზობლებისა და სტუმრების ყურადღებას. წითელი კარი ყველა დროში განსაკუთრებულად და იღბლის მაგნიტად მიიჩნეოდა.
ფენ-შუის თანახმად, წითელი კარი თითქოს ამბობს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". ამავე დროს, ის ბოროტ სულებს განდევნის.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ მხარეს არის განლაგებული სახლის შესასვლელი კარი – ფერიც ამის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, სამხრეთისკენ მიმართული კარი წითლად ან ნარინჯისფრად უნდა შეიღებოს, ჩრდილოეთისკენ – ლურჯად ან შავად, დასავლეთისკენ – ნაცრისფრად ან თეთრად, ხოლო აღმოსავლეთისკენ – ყავისფრად ან მწვანედ.
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები
საწოლის მოსახერხებელი თეთრეული
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეული. იმის თქმა, რომ ის იზიდავს წარმატებასა და ბედნიერებას, არ შეიძლება, მაგრამ ის სწორ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის სახლში.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, რბილი მასალის (საუბარია ბამბის, სელის, აბრეშუმის ქსოვილზე) არსებობა სახლში ხელს შეუწყობს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას.

სინთეტიკური ბოჭკო კი საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება: ის არცთუ დადებით ვიბრაციებს იზიდავს.
სპილოები
ეს უზარმაზარი, ძლიერი ცხოველები სიბრძნის, ერთგულებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ არიან მიჩნეული. არიან ისინიც, ვინც მიიჩნევს, რომ სპილოს იღბალი და წარმატება მოაქვს.

განათავსეთ სპილოს პატარა ფიგურები საკუთარ სახლში და დაიცავით ოჯახი ავი თვალისა და ნეგატიური ინფორმაციის შემოდინებისგან.
ცოცხალი ყვავილები
ცოცხალი ყვავილები სახლში ბედნიერებას მოიტანს. ფენ-შუის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ახლად დაკრეფილი ყვავილები ცხოვრების ყველა სფეროში იღბალსა და ბედნიერებას შემოიტანს.

მაგრამ არის ერთი რამ: ეკლიან ყვავილებზე უარი უნდა თქვათ. ასევე არ ღირს სახლში დამჭკნარი და გამხმარი ყვავილების გაჩერება. საქმე ისაა, რომ მათ არცთუ კარგი ენერგეტიკა აქვს. მკვდარი ყვავილი ოჯახში ავადმყოფობას, ფინანსურ პრობლემებსა და პირად მარცხს იზიდავს.
კეთილსურნელება
კეთილსურნელება მხოლოდ სასიამოვნო არომატის გამო არაა მნიშვნელოვანი. ალბათ ყველას გსმენიათ არომათერაპიის შესახებ. ცნობილია, რომ არომატული კვამლი წმენდს საცხოვრებელს ნეგატივისგან და იზიდავს დადებით ვიბრაციებს.

როდესაც ცუდ განწყობაზე ხართ და გგონიათ, რომ თქვენ ირგვლივ სამყარო ინგრევა, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი – ზეთი, არომატული ჩხირები, რომელთა სუნი სახლს სითბოთი და მყუდროებით აავსებს, ხოლო თქვენ – ჰარმონიითა და სიმშვიდით.
არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე
ხილი
ხილი სახლში, ანუ სახლი ავადმყოფობის გარეშე. ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ დღეში ერთ ვაშლს შეჭამ, მთელ ცხოვრებას ექიმის გარეშე გაატარებ.

მიიჩნევენ, რომ სახლში სიმდიდრესა და წარმატებას იზიდავს ციტრუსები. დადეთ მაგიდაზე თეფში ლიმონით, ფორთოხლითა და მანდარინით, რათა სახლში პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ.
ჭიამაია
ჭიამაიას უამრავი ლეგენდა და ცრურწმენა უკავშირდება, ბევრი მიიჩნევს, რომ მას წარმატებისა და იღბლის მოტანა შეუძლია.

ამიტომ რეკომენდებულია მოათავსოთ სამუშაო მაგიდაზე ან წიგნის თაროზე ჭიამაიას ერთი-ორი პატარა ქანდაკება.
ავეჯი წრეზე
ფენ-შუის მიხედვით, მნიშვნელობა აქვს სახლში ავეჯის განლაგებასაც.

იდეა ისაა, რომ ავეჯი, პირველ რიგში სასტუმრო ოთახში, წრიულად იყოს განლაგებული. ეს ხელს უწყობს დადებითი ენერგიის სწორად გავრცელებას ოთახში. ამგვარად, სასტუმრო ოთახში ავეჯი განალაგეთ С-ს ფორმით.
ნალი
ბევრ კულტურაში მიიჩნევენ, რომ ნალი კარზე სახლის ბინადრებს იღბალს მოუტანს.

მაგრამ აქ ზოგიერთი რამ გაურკვეველია. მაგალითად, ზოგი მიიჩნევს, რომ ნალის ბოლოები აუცილებლად ზევით უნდა იყოს მოქცეული, რათა იღბალმა სახლი არასდროს დატოვოს, ხოლო ზოგის აზრით, პირიქით, ბოლოები ქვევით უნდა იყოს მოქცეული, რათა იღბალი ამ ნალის ქვეშ გამვლელებს „დაეცეს“.

თუ ნამდვილად გწამთ, რომ ნალი ბედნიერებას მოგიტანთ, შეიძინეთ აუცილებლად, ხოლო როგორ დაკიდებთ – რომელი ვარიანტიც უფრო მოგწონთ და გაწყობთ, ისე გადაწყვიტეთ.
გადაყარეთ უსარგებლო ნივთები – ისინი თქვენს ცხოვრებას ამუხრუჭებენ
თავისუფალი შესასვლელი საცხოვრებელში
იზრუნეთ იმაზე, რომ შესასვლელი ნაწილი თქვენი სახლისა ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ქაოსი შესასვლელთან უბედურების მომტანად მიიჩნევა.

ამასთან, ეცადეთ კარის ზღურბლს მარჯვენა ფეხით გადააბიჯოთ.
გვირილის ჩაი
გვირილის ჩაი არა მხოლოდ გემრიელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, არამედ სასმელი, რომელიც ბედნიერებასა და იღბალს მოგიტანთ.

ზოგიერთს ასევე სწამს, რომ გვირილის ჩაი ფულს იზიდავს და ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

გვირილა სიწმინდის, უმანკოების, სიკეთის, ბედნიერებისა და სიყვარულის სიმბოლოა. სლავურ კულტურაში ის სახლში დადებით ენერგეტიკას იზიდავს.

ბევრ ქვეყანაში ამ მცენარეს ბედნიერების მომტანად მიიჩნევენ. თუ თქვენც გწამთ ამის, მოათავსეთ გვირილის ბუკეტი ლარნაკში და იზრუნეთ, რომ თქვენი სამზარეულოს თაროზეც გვირილის ჩაიმ ადგილი დაიმკვიდროს.
ხუთქიმიანი ვარსკვლავი
თავისთავად ხუთქიმიანი ვარსკვლავი იღბლისა და აყვავების სიმბოლო არ არის. მაგრამ ბევრს სჯერა, რომ თუ ვარსკვლავს საცხოვრებლის შესასვლელში მოვათავსებთ, ის, ნალის მსგავსად, სახლში ბედნიერებასა და წარმატებას მოიტანს.
სარკეები
ფენ-შუიში სარკე პოზიტიური ენერგიის მოსაზიდად გამოიყენება. სარკე იმგვარად უნდა განათავსოთ, რომ მან ფანჯრიდან ლამაზი ხედი აირეკლოს.
რა საიდუმლოს ინახავს სარკე
აკვარიუმი ან წყლიანი თასი
მიიჩნევა, რომ სახლთან ახლოს ტბა ან წყალსატევი – დიდი ფულისა და იღბლის მომტანია. რადგანაც წყალი სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოა ფენ-შუის მიხედვით, წყლის რესურსი აუცილებელია ადამიანებისთვის, რომლებიც იღბალს ეძებენ.

რა თქმა უნდა, ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ტბა და წყალსატევი გააკეთოს სახლთან. ამიტომ იქონიეთ სახლში აკვარიუმი, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ამასაც ვერ გააკეთებთ, იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში ყოველთვის იდგეს წყლით სავსე თასი.

წყალი სახლში კეთილდღეობასა და იღბალს იზიდავს, ასევე ადამიანის გარშემო სივრცეს წმენდს.
წყალს იყენებენ სხვადასხვა – სიყვარულის, ბედნიერების მოზიდვის რიტუალის ჩასატარებლად.
შეიძინეთ ორიგინალური თასი. ყურადღება მიაქციეთ, რომ დოქი ან ლარნაკი ამისთვის არ გამოდგება. არჩეულ ჭურჭელს აუცილებლად განიერი ყელი უნდა ჰქონდეს.

უარი თქვით ხისა და პლასტმასის ჭურჭელზე. ნებისმიერი სხვა მასალა გამოდგება. სითხით სავსე თასი სახლში აუცილებლად ჩრდილოეთ ან დასავლეთ ნაწილში განათავსეთ.

ამ მიზნისთვის ჯობს სუფთა წყაროს წყალი გამოიყენოთ, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შეიძინეთ უგაზო მინერალური წყალი. ონკანის წყალი გასასუფთავებელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ფილტრი.

ჭურჭელი რამდენიმე დღეში ერთხელ შეავსეთ.
თაფლი
ყველამ იცის, რომ თაფლი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უაღრესად სასარგებლოა.

გარდა ამისა, თაფლს განსაკუთრებული ძალა და მაგნეტიზმი გააჩნია: ის სახლში სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა; აქვს ნამდვილად ჯადოსნური ენერგეტიკა, ასე რომ, მისი სახლში მუდმივად ქონა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია.

თაფლის ენერგეტიკული თვისებების გასაძლიერებლად ის სწორად უნდა განვათავსოთ. პირველ რიგში, უნდა შევიძინოთ ნამდვილად ნატურალური თაფლი. სანამ სახლში მიიტანთ, იზრუნეთ, რომ სახლი სუფთა და მოწესრიგებული დაახვედროთ.

ამის შემდეგ თაფლში ერთი წამით ჩადეთ ახალი ჩხირი ან ფუნჯი და იმით სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში მიაპკურეთ ის.

შემდეგ თაფლის ქილა სასადილო მაგიდის ცენტრში მოათავსეთ. პროდუქტმა რომ ოჯახის კეთილდღეობაზე იმუშაოს. თითოეულმა წევრმა ერთი კოვზი თაფლი უნდა მიირთვას.
თაფლი გააჩერეთ იქამდე, სანამ არ დაშაქრდება. შემდეგ აუცილებლად აიღეთ მაგიდიდან.
გარკვეული პერიოდის შემდეგ რიტუალი გაიმეორეთ.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ დაშაქრული თაფლი სახლში არ უნდა გააჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სახლში უბედურებას, ფინანსურ პრობლემებსა და ავადმყოფობას მოიზიდავს.
როგორ აღვიდგინოთ ენერგია: რჩევები
მთის ბროლი
ცნობილია, რომ მთის ბროლს მძლავრი ენერგეტიკა გააჩნია. ის დამუხტულია და იზიდავს ყველაფერ საუკეთესოს, ამიტომ ნამდვილ მაგნიტს წარმოადგენს ბედნიერებისა და მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად.

იმისთვის, რომ მთის ბროლი დადებითი ენერგეტიკით დამუხტოთ, მოათავსეთ ის ფანჯრის რაფაზე, რათა რაც შეიძლება ხშირად შევიდეს კონტაქტში მზესთან. მზის სხივები მის სასარგებლო თვისებებს ზრდის. ასეთი ურთიერთზემოქმედება თქვენს საცხოვრებელში არა მხოლოდ მოიზიდავს ფინანსურ ნაკადებს, არამედ მათ დიდი ხნით შეინარჩუნებს კიდეც.

მთის ბროლი თქვენი თილისმა მრავალი წლის განმავლობაში იქნება. შემდეგ შეგიძლიათ თქვენს შთამომავლებს გადასცეთ.
წითელი ძაფის გორგალი
წითელი არა მხოლოდ სიყვარულისა და ვნების, არამედ ფინანსური კეთილდღეობის ფერიცაა. წითელ ძაფებს ბევრი იყენებს ფულთან დაკავშირებულ რიტუალებში. ზოგიერთი წითელ ძაფს სპეციალურად იდებს საფულეში.

მიიჩნევა, რომ ადამიანი ასე საკუთარ სახლში ფულის ნაკადს იზიდავს. სიმდიდრისა და სტაბილურობის მოსაზიდად წითელი ძაფის ჩვეულებრივი გორგალიც დაგეხმარებათ.

ასე უნდა მოიქცეთ: იყიდეთ წითელი საქსოვი ძაფის გორგალი, ოღონდ არა ქაღალდის ფულით, არამედ მონეტებით.

სახლში გორგალი გაშალეთ და შემდეგ ხის ჯოხზე დაახვიეთ, შეგიძლიათ ხის კოვზიც გამოიყენოთ. შემდეგ ეს ჯოხი საწოლის ქვეშ მოათავსეთ.

ძაფი აუცილებლად უნდა იყოს წითელი და არა მოწითალო.
ყვითელი მონეტები
ყვითელ ფერს ზოგადად და მონეტებს კერძოდ – ადამიანისთვის იღბალი მოაქვს.

გამოდგება ყვითელი ან მოწითალო-სპილენძისფერი მონეტები.

ეცადეთ, მოძებნოთ 12 ყვითელი ფერის მონეტა (ნებისმიერი ნომინალის). ეს ფული იმ მომენტისთვის მიმოქცევაში უნდა იყოს.

დაელოდეთ სავსემთვარეობას. შემდეგ განალაგეთ ისინი ფანჯრის რაფაზე ისე, რომ მთვარის შუქი მოხვდეს.

წინასწარ მოამზადეთ ბამბის ქსოვილის წითელი ფერის ტომარა, მოათავსეთ მასში მონეტები და თავი წითელი ძაფით მოუკარით.

შემდეგ მოათავსეთ ზარდახშაში, სადაც სამკაულები გიწყვიათ. რიტუალი ექვს თვეში ერთხელ უნდა შესრულდეს.
ოქროს ძველებური მონეტები
ასპენის შტო
ასპენის ხის შტო ძველი დროიდან არ მიიჩნეოდა ფულის, ბედნიერებისა და სიყვარულის მოზიდვის საშუალებად. მაგრამ სწორედ ის დაგეხმარებათ სიღარიბის, ავადმყოფობისა და უიღბლობისგან დახსნაში.

„რიტუალის“ ჩასატარებლად სულ რაღაც 2-3 ასპენის შტო გჭირდებათ.

საჭიროა ატრიბუტები და ინვენტარი: დანა ხის ტარით, ჩვეულებრივი ყვავილის ქოთანი, მიწა და ასპენის ხის რტოები, რომლებსაც წინასწარ უნდა წააჭრათ თავები.

ქოთანი გაავსეთ მიწით, შემდეგ მასში ასპენის რტოები ჩაარჭვეთ.

თავები თეთრი ბამბის ქსოვილით შეფუთეთ და ყველაფერი აბაზანის ქვეშ დადეთ. გარკვეული დროის შემდეგ რიტუალი გაიმეორეთ.
ლურსმანი
თავისთავად ლურსმანს თილისმას ვერ უწოდებ. მაგნიტის მსგავსად ის არ იზიდავს ფულს, წარმატებებსა და ჯანმრთელობას, მაგრამ ის ჩვენს სახლს სხვადასხვა უბედურებისა და ავი თვალისგან იცავს.

ამასთან, ის გარკვეული ფარის ფუნქციას ასრულებს მძარცველების, თავდამსხმელებისა და მოშურნეებისგან თავდაცვისას.

აიღეთ საშუალო ზომის ლურსმანი, გრძელი, სუფთა და უჟანგო.

ჩაარჭეთ ის რაც შეიძლება ღრმად შესასვლელის ან სამზარეულოს კარის ბოძში.

და რაც მთავარია, ეცადეთ, ამ ლურსმანზე არაფერი დაკიდოთ. შესაძლოა, მან თავისი ენერგეტიკა დაკარგოს. მაგრამ თუ მიგაჩნიათ, რომ ლურსმანი სხვების თვალისგან მოფარებული უნდა იყოს, მაშინ მასზე საათი დაკიდეთ.
ეცადეთ ჩამოთვლილი ნივთებიდან რამდენიმე მაინც გქონდეთ სახლში. ამით გაძლიერდება თქვენი იღბლიანობა, გეწვევათ სახლში ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და ბევრი სხვა სიკეთე.