თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ტექნიკოსებმა აღადგინეს ნავთობის გადატუმბვა უნგრეთის მიმართულებით მილსადენ „დრუჟბაში“, იუწყება „რია ნოვოსტი“ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით.
სამშაბათს, საღამოს უკრაინამ აცნობა რუსულ კომპანია „ტრანსნეფტს“, რომ ნავთობსადენ „დრუჟბით“ უნგრეთისკენ ნავთობის გადატუმბვას აჩერებს. ეს უკრაინული ქალაქების სარაკეტო დაბომბვების შემდეგ მოხდა.
„ტექნიკოსებმა შეძლეს იმ მოცულობის სამუშაოების ჩატარება, რომ რამდენიმე წუთის წინ ნავთობსადენ „დრუჟბაში“ უნგრეთის მიმართულებით ნავთობის მოწოდება აღდგა“, – განაცხადა სიიარტომ.
დიპლომატის თქმით, ჯერჯერობით გადატუმბვა დაბალი წნევით მიმდინარეობს, მაგრამ ტექნიკოსები მუშაობენ იმაზე, რომ მილსადენის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგეს.
ინფორმაცია „ტრანსნეფტმაც“ დაადასტურა.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მილსადენია. მისი სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია. იგი სათავეს სამარის ოლქში იღებს, გადის ბრიანსკში და შემდეგ ორი მიმართულებით იტოტება: ჩრდილოეთით − ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებისკენ და სამხრეთით − უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებისკენ.