კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგვიანებების მიზეზებზე ისაუბრა

ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ჩასატარებლად სახსრები არსებობს, რაც საბოლოოდ სწრაფად გადაჭრიდა ამ ყველაფერს, მაგრამ მანამდე კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა „საცობების“ კუთხით, განაცხადა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგვიანებები უკავშირდება „საცობებს“, რომლებიც პრობლემური სატრანსპორტო კვანძებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო იქმნება, რომელთა დასრულება საბოლოო ჯამში პრობლემას გადაჭრის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ბევრ კრიტიკას ვისმენთ ამ დაგვიანებებზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვართ სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ვახორციელებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

2017 წლიდან მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი განაახლა – შემოყვანილია ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაჩნდა „ბასლაინები“. გარდა ამისა, მალე თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება.
კალაძემ განმარტა, რომ შეუძლებელია ქალაქში რამდენიმე მასშტაბური პროექტის ერთდროულად განხორციელება რესურსების არსებობის მიუხედავად, რადგან მათ დასრულებამდე ეს უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის ტრანსპორტს. ამის დასტურია ქალაქის ცენტრში მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების განახლება.
ქეთევან დედოფლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა >>
მერის თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, პრობლემური კვანძები, რათა ავტობუსი და მიკროავტობუსი თავისუფლად გადაადგილდეს... დავაჩქაროთ და უფრო კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, გზების კაპიტალურ რემონტს, რომელიც 50 წლის წინანდელი მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებასაც მოიცავს, დრო სჭირდება. ასეთი პროექტების დასრულების შემდეგ მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება ათობით წელი აღარ იქნება საჭირო.
მიმდინარეობს კვლევები და ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ჩნდება „ბასლაინები“, რათა უფრო დაჩქარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, განაცხადა მერმა.