მსოფლიო დღეს

ერდოღანს პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნა ტექნიკურ შეცდომად მიაჩნია

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთში მომხდარი ინციდენტი შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყოს, მიაჩნია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

„დღეს, დილით გერმანიის კანცლერმა შოლცმა მითხრა, რომ ნატოს ექვსმა ქვეყანამ მომხდარზე იმსჯელა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყოს. მათი თქმით, ეს რუსული რაკეტა არ იყო“, — განაცხადა ერდოღანმა G20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, ანკარისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. გარდა ამისა, შოლცმა დილის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ინციდენტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენმაც უარყო რაკეტის რუსეთისადმი კუთვნილება“, — აღნიშნა ერდოღანმა.
პოლონურმა მედიამ 15 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის სავოევოდოში, რომელიც უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აღნიშნა, ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, თუმცა დიდი ალბათობით დარწმუნებულია, რომ ისინი რუსული წარმოებისაა.