ვარჰეი: ევროპას საქართველო სჭირდება, როგორც საიმედო ენერგომომწოდებელი

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირი დაინტერესებულია შავი ზღვის ფსკერზე მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანით საქართველოდან ევროპაში, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე თბილისში.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ მოვლენების ფონზე „გვჭირდება სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში თუ ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად – ენერგეტიკულ სფეროში“.

„საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე... გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი: გვინდა პარტნიორობა ამ მიმართულებით – საქართველოდან სანდო ენერგომოწოდების კუთხით, და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ახალი იდეები გაჩნდება.
„იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმაწყლოვან ელექტროკაბელთან დაკავშირებით და, იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ღარიბაშვილი: საქართველოს ევროპისთვის ენერგიის მიწოდება შეუძლია>>
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. ეს ტერმინალი, მისი თქმით, ევროპისთვის დამატებით შესაძლებლობებს წარმოადგენს. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს