საქართველო სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად 3,4 მლნ დოლარს მიიღებს

საქართველოსა და FAO-ს შორის შეთანხმება ქვეყანაში ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველო შვედეთის განვითარების სააგენტოსგან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მხარდასაჭერად 3,4 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თანხის გამოყოფას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.
ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ცოდნის დაგროვების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერის საკითხი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და შვედეთის მთავრობას მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ევროკავშირთან დაახლოების და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გამარტივების პროცესში ყურადღება გაამახვილა ENPARD IV-ის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, რაიმუნდ იელემ ENPARD III-ის წარმატებული განხორციელების შესახებ ისაუბრა და ENPARD IV-ის ფარგლებში ქვეყნის სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით ხელშესახები შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში FAO-ს და ევროკავშირის, ჩეხეთის რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს ექსპერტები თანაბრად იქნებიან ჩართული.