„ჩვენი კარი ღიაა“ - საქართველოს პრემიერმა ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

ქვეყნისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, განაცხადა პრემიერმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა შეუძლებელია, თუ ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობისთვის ანალოგიური მზადყოფნა არ იქნება.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია.
„სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში. სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულებაა დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზადყოფნა“, – განაცხადა პრემიერმა.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ღარიბაშვილის თქმით, როგორც კი რეკომენდაციები მიიღო ქვეყანამ, ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით და წარმოადგინა 12 პრიორიტეტის შესრულების თავისი გეგმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კარი გაიხსნა ყველა აქტორისთვის – ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისთვის, ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია 12 რეკომენდაციის შესრულებით.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის საკუთრება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ევროპულ გზაზე საგრძნობი შედეგები იქნა მიღწეული. ესაა ასოცირების შეთანხმება, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე – ევროპული პერსპექტივა.
„ეს არ იყო შემთხვევით. ამას წინ უძღოდა ბევრი შრომა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი იყო.
„2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი... ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯგუფში.
სად უფრო მეტად იგრძნობა პოლარიზაცია საქართველოში: სალომე ზურაბიშვილის შეფასება>>
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

„ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და რთული მდგომარეობისა, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. ცხრა თვეში 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ჩვენი პრინციპულობით“, – განაცხადა პრემიერმა.
„ეს არის სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე>>
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველ პარტიასთან ერთად რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დათანხმდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე და ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი რასაც აკეთებენ, მხოლოდ ბუტაფორიაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს