მსოფლიო დღეს

ახალი პეტიცია: უკრაინელები რუსებისთვის ქვეყანაში შესვლის 100 წლით აკრძალვას ითხოვენ

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე დღეს ახალი პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის მოთხოვნაც უკრაინაში რუსების შესვლის აკრძალვაა.

„აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შემოსვლა. აკრძალვის ვადა — 100 წელი“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის ინიციატორი და ავტორი ალექსანდრ კორნეიჩუკია — ხმელნიცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
დაახლოებით 16:00 საათისთვის (თბილისის დროით) ახალ პეტიციას 97 ხელმოწერა აქვს, თუმცა მოთხოვნის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დოკუმენტი განიხილოს, 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, მიმდინარე წლის მაისში მსგავსი პეტიცია უკვე იყო გამოქვეყნებული უკრაინის პრეზიდენტის პორტალზე. მაშინ მისი ავტორ-ინიციატორი რუსეთის მოქალაქეებისთვის 50 წლით მოითხოვდა უკრაინაში შესვლის აკრძალვას. ამ დოკუმენტს 27.060-მა კაცმა მოაწერა ხელი და, შესაბამისად, სექტემბერში ის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეცა განსახილველად.
როგორც პეტიციაზე პრეზიდენტის პასუხში იყო ნათქვამი, ის მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა.