ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტში კონსულტაციები ჩაინიშნა

„ქართული ოცნების“ ფრაქციის გარეშე სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხერხდება, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური კონსულტაციები საპარლამენტო ჯგუფებს შორის საქათველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით შეიძლება მომდევნო კვირაში გაიმართოს.
საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააყენეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის ჩატარება დათქმულ დროს ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო, მიმდინარე კვირაში კი საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

„იყო ობიექტური მიზეზები. რა მომენტშიც იქნება კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის გარშემო შეგროვებული, კენჭისყრას ექნება აზრი. ამისთვის საჭიროა ერთმანეთში აზრები გაიცვალოს და, ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან სპიკერმა დასძინა, რომ პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, გამჭვირვალე იყო.
„ახლა არის პროცესი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური კონსულტაცია და, ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, მხარეებმა დაილაპარაკონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სპიკერმა დეპუტატებს ასევე შეახსენა, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის გარეშე სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხერხდება და მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

„თავიდანვე საუბარი იყო, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის... ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ამ პერსპექტივით შევხედოთ ამ საკითხს და არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც, არამედ შევძლოთ რამენაირად შეთანხმების მიღწევა, რაც საბოლოო ჯამში ყველას ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს სახალხო დამცველის პოსტის კანდიდატები:
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი
ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.