თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი იტალიასთან ანგარიშით 84:85 წააგო.
ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის.
ამ დრომდე ჩვენი გუნდი იტალიას ათჯერ შეხვდა და ათივეჯერ დამარცხდა. „სკუადრა აძურამ“ ამჯერადაც გამოავლინა მაღალი კლასი – პირველი ტაიმი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 3 საჯარიმო და 5 ორქულიანი ჩააგდო. სამაგიეროდ, საწყის 20 წუთში იტალიელებმა 20 სამქულიანი სტყორცნეს.
საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა შეტევა თორნიკე შენგელიაზე იყო აწყობილი, თუმცა ეს კარგად მოეხსენებოდათ სტუმრებსაც და თორნიკე ბურთს მიიღებდა თუ არა, უმალ სამი კალათბურთელი მეურვეობდა. ასეთ დროს კი დანარჩენი კალათბურთელები თავისუფლდებოდნენ და ამიტომ პირველ ტაიმში მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო, შერმადინმა – 12, სანაძემ – 7, ცინცაძემ – 6.
პირველი ტაიმი იტალიის გამარჯვებით დასრულდა – 43:40.
მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ მძლავრი სტარტი აიღო და მესამე პერიოდამდე 1,11 წუთით ადრე მისი ორქულიანის შემდეგ საქართველო პირველად დაწინაურდა – 58:57.
მეოთხე პერიოდის წინ მეტოქე უპირატესობას არ თმობდა და ბალდასოს სამქულიანის შემდეგ იტალია კვლავ დაწინაურდა – 60:58.
მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უფრო დაიძაბა. ფინალურ სასტვენამდე 4 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 5 ქულით წინ იყო, მაგრამ სამქულიანი ტყორცნების შემდეგ უპირატესობა კვლავ სტუმრების მხარეს გადავიდა. ფინალამდე 1,18 წუთით ადრე სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ - 80:76.
ყველა მცდელობის მიუხედავად, ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ფინალურ სირენამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (84:85). ბოლო შეტევის უფლება საქართველოს ნაკრებს დარჩა, თუმცა ტყორცნა ვერ მოესწრო და იტალიამ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ამ მოგებით ჩვენმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან. შემდეგ ეტაპზე გარანტირებული გასვლისთვის ქართველებს ორივე თამაშის მოგება სჭირდებათ. ორივე მატჩი 2023 წლის თებერვალში გაიმართება.