საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა - განხილვის მთავარი თემები

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალი თანამშრომლობის დღის წესრიგი იყო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი თემები, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

„საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მომავალშიც ყველა შესაძლო გზით ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივას“, რომელშიც, გარდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართული.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2022 წელი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო წელია – მას შემდეგ 30 წელი გავიდა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.
ექსპერტი: სამხრეთ კავკასიას დიდი ცვლილებები ელოდება>>
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს