დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე - რა სერვისებით სარგებლობენ პაციენტები საქართველოში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2006 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე დააწესა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს დიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და სპეციფიკური მედიკამენტებით მომარაგება, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, 14 ნოემბერს დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World Diabetes Day). ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ის სერვისები და პროგრამები, რომლებით სარგებლობაც საქართველოში ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეუძლიათ.

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურებას, სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, დიაბეტიანი პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

წელს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა პროგრამაში, კერძოდ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით. თბილისის გარდა, ვაუჩერული სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვები ვაუჩერის დახმარებით უფასოდ გაიკეთებენ ანალიზებს, მიიღებენ ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, შეძლებენ გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას კაპილარული გზით, დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგს.
ვაუჩერი ითვალისწინებს ასევე პროგრამის მოსარგებლეებისა და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას პაციენტის სურვილის შემთხვევაში; საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას.
სისხლში შაქრის დონის განმსაზღვრელი ტესტი
წელს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. შეისყიდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM). სიახლე ბავშვს და მშობელს უსაფრთხოდ და დისკომფორტის (თითში დღეში რამდენჯერმე ჩხვლეტის) გარეშე გლუკოზის მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს.
CGM სისტემა ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აანალიზებს მონიტორინგის მონაცემებს და ვიზუალურად ასახავს შედეგს. აპარატი უკვე 500 პაციენტს დაუმაგრდა.
დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების გახშირების საპასუხოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ 1991 წელს შემოიღეს.
თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა – ამ დღეს დაიბადა კანადელი ექიმი და ფიზიოლოგი ფრედერიკ ბანტინგი. ჯონ მაკლეოდთან და ჩარლზ ბესტ ბანტინგთან ერთად მან აღმოაჩინა ინსულინი (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის ან გლუკოზის შემცველობას სისხლში), რისთვისაც მას ნობელის პრემია მიენიჭა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2006 წლის 20 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე დააწესა. დოკუმენტში აღიარებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების მრავალმხრივი ძალისხმევის, ასევე სამკურნალო მომსახურებასა და სამედიცინო განათლებასთან ადამიანის წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობა.