თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით 18 ნოემბერს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ამავე დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვლენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. თითოეულის გამოსვლაზე საინტერპელაციო დროდ სამი საათი და 38 წუთი განისაზღვრა.
პირველი დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი წარდგება. მისი გამოსვლა 12:00 საათზე დაიწყება.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვით მიმართვის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას.