ახალშობილი მეხუთე სართულიდან გადააგდეს - თურქეთში ქართველების ოჯახი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი ოჯახმა ჩვილის თავიდან მოშორება გადაწყვიტა
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თურქეთში ჩვილის მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ანტალიაში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ვიდეოდაკვირვების კამერამ მეხუთე სართულიდან ჩვილის გადაგდების კადრები აღბეჭდა.
ტელეარხის ინფორმაციით, 55 წლის ცოლ-ქმარი და მათი 15 წლის ქალიშვილი ცხელ კვალზე ნაქირავებ ბინაში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი ოჯახმა ჩვილის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
„საქმე იმდენად შოკისმომგვრელი და სენსიტიურია, რომ პროკურატურა დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ფაქტს აქტიურად აშუქებს თურქული მედია“, - იუწყება „რუსთავი2“.
თურქულ მედიაში ვრცელდება მოზარდის ჩვენების ფრაგმენტიც, სადაც ის ამბობს, რომ არ იცოდა რომ ორსულად იყო, ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო, ჩვილი მკვდარი დაიბადა და მან, აფექტის მდგომარეობაში, ის ფანჯრიდან გადააგდო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ანტალიის პროკურატურა ამ ვერსიასაც იძიებს.
ანტალიაში დაკავებულ მოზარდს ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ჯერ უცნობია, რა მუხლით წარუდგინეს ბრალი გოგონას მშობლებს.
წყარო - ტელეარხი „რუსთავი 2“.