თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული კენჭისყრით აირჩევენ, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „ნაცმოძრაობის“ ოფისში სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ განაცხადა.
პარასკევს, 11 ნოემბერს, პარტიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც მომავალი არჩევნების პრინციპები უნდა შეიმუშაოს. მასში შვიდი ადამიანი შევიდა: გიორგი ბოტკოველი, თორნიკე ბიკაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ბაჩო დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ივანე პეტრიაშვილი. ჯგუფის მოდერატორია გიორგი ბარამიძე.
„საუბარი არის ელექტრონული არჩევნების ფორმატის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საყოველთაობის პრინციპის დაცვას. ჩვენს მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონულად აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე“, - განუცხადა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში ეს პროცესი უნდა დასრულდეს. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის კონკრეტულ ადამიანს პოლიტსაბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა დასჭირდება.
ბეჟაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ოფიციალურ დოკუმენტს 22 ნოემბრამდე მოამზადებს და დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს. ამის შემდეგ კანდიდატები ოფიციალურად დაარეგისტრირებენ საკუთარ კანდიდატურებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მოქმედ ლიდერთან, ნიკა მელიასთან ერთად იბრძოლებენ გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
პარტიის თავმჯდომარის ბოლო არჩევნები ონლაინ ხმის მიცემის სისტემით გაიმართა და მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პარტიის დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ, არჩევნები სწორედ ნიკა მელიამ მოიგო და არა ლევან ვარშალომიძემ.