თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქართული ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი ლია მიქაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს, იუწყება „პირველი არხი“.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ლეგენდარულ ტელეწამყვანს პატივი მიაგეს კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ლეგენდარული ტელეწამყვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლია მიქაძე, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა.
მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა.