თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და ამერიკაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. სტუმრები გაეცნენ ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციას და დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ღვინო.
„საელჩო ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ცდილობს დაეხმაროს კომპანიებს, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით", – განაცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.