რატომ არის ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგი?

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტებაა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია მივიდა დასკვნამდე, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვერ იქნება ერთ პიროვნებაზე მორგებული, რაც მათ რეალურად სურდათ, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, მისი განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.

„ოპოზიცია მივიდა დასკვნამდე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება ერთ პიროვნებაზე მორგებული, როცა გაირკვა, რომ პოლიტიკას დიდი ხნის წინ ჩამოცილებული ადამიანის გარშემო ვერ შეიქმნება კანონი და იქ ვერ ჩაიწერება ერთი ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, კანონი ადამიანთა ფართო წრეზე უნდა იყოს გათვლილი. „რადიკალური ოპოზიცია ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას, თუმცა კანონპროექტის საჭიროება, 12-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე, არის ცალსახა", – აღნიშნა დეპუტატმა.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.