თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და ნიდერლანდმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე, რის შედეგად ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ ნიდერლანდის ფლოტში დასაქმდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„იმედი მაქვს, რომ ეს მემორანდუმი გახდება დინამიკური საზღვაო ურთიერთობების დასაწყისი ნიდერლანდსა და საქართველოს შორის. გარწმუნებთ, რომ ქართული საზღვაო საზოგადოება ელოდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჰოლანდიელ კოლეგებთან", – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
მისი თქმით, სააგენტოს მთავარი მიზანია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზღვაო გარემოს დაცვის სფეროებში.
ნიდერლანდის სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა, მისი დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს.
ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანაა.