„გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები“: პაპუაშვილმა იაპონიასა და კორეაში ვიზიტი შეაჯამა

ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 5 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი და მიღწეულია გარკვეული შეთანხმებებიც.

„იაპონიის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ განახლებადი ენერგეტიკის კუთხით ინვესტიციების ჩადების ინტერესზე, კორეის მხრიდან კი — როგორც ინვესტიციების, ისე ლოჯისტიკის მხრივ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ამ ვიზიტის დროს გამოიკვეთა და გარკვეული შეთანხმებებიც გვაქვს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მხარეები შეხვედრაზე სამომავლო საერთო გეგმებზე შეთანხმდნენ და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს.
„ყველა პარტნიორთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, კორეის რესპუბლიკამ საქართველოში საელჩო სრული მასშტაბით გახსნას, რადგან ეს ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ყველაფერთან ერთად, მთავარი საკითხი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობა. როგორც კორეის, ისე იაპონიის პარლამენტთან ამ შეხვედრებით კიდევ უფრო დავახლოვდით და პიროვნული ურთიერთობის კუთხითაც სხვა ეტაპზე გადავედით“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციამ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დღეს დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიოდნენ.