თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და „ვირტუს ბოლონიას“ თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ იტალიური კლუბის შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი გამართა და ამის შემდეგ რეიკიავიკში გაფრინდა, სადაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
„ვირტუსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მილანურ „არმანიზე“ – 64:59. თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ბოლონიელების რიგში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21:30 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ჩააგდო სამი ორქულიანი და ორი სამქულიანი. შენგელიამ მატჩი დაამთავრა 12 ქულით, ორი მოხსნითა და ორი გადაცემით.
თორნიკე შენგელია
© courtesy of Tornike Shengelia
საქართველოს ნაკრები 11 და 14 ნოემბერს გამართავს მატჩებს. პირველი შეხვედრა ისლანდიაში ჩატარდება, ხოლო მეორე თბილისში – იტალიის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩში მონაწილეობისთვის გუნდში გამოიძახა გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდუ სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.