თბილისის მერიის შენობის წინ „კორუფციის გამოფენა“ გაიმართა

აქციის მონაწილეები ქალაქის ხელისუფლებას კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „კორუფციის გამოფენა“ – ასეთი დასახელების აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის შენობის წინ.
„კორუფციის გამოფენა“ – აქცია-პერფორმანსი მერიის წინ
ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოიტანეს პლაკატები წარწერით: „კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”, „კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა” და ა.შ.
მუსიკალური გაფორმების სახით მათ გამოიყენეს ხმოვანი ჩანაწერი „მეტროს სადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაივლის გაუჩერებლად“. საქმე ისაა, რომ ბოლო დაპირების თანახმად, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ გადაიწია.
„კორუფციის გამოფენა“ – აქცია-პერფორმანსი მერიის წინ
„აქ გამოსახულია კახა კალაძის მიერ მოწყობილი კორუფციული ფაქტები... ჩვენ 10-მდე ორგანიზაცია და პარტიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავანახოთ, როგორი მატყუარა ხელისუფლების წარმომადგენელები გვყავს“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა მარიამ შუშანიამ.
„კორუფციის გამოფენა“ – აქცია-პერფორმანსი მერიის წინ
„ეს კორუფციული გარიგებები, რომლებიც არის კონკრეტული „ქეისები”, იწვევს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ეს გვინდა მეტ ადამიანს გავაგებინოთ, იქნებ გამოვიღვიძოთ და ვიგრძნოთ, რომ არ შეიძლება ასეთ მონურ ცხოვრებაში ყოფნა“, – განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც აპირებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს