სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი პატიმრობაში დარჩება

პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს კონკრეტული სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც ბრალი „გაუპატიურების“, „ოჯახური ძალადობისა“ და „ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ მუხლებით ედება.
სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულ რეჟიმში, მას თავად ბრალდებული ესწრებოდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ის ითხოვდა ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობა მას ექსპერტიზის დასკვნამ მისცა. მისი განცხადებით, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მსგავსი საკითხები საქმის არსებითი განხილვის დროს წყდება.
„დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სექსუალურად იძალადა...“ - ახალი დეტალები >>

„საკმაოდ საფუძვლიანი შუამდგომლობა მქონდა... დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, რადგანაც გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", – განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

ამასთან, პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, რომ ბრალდების საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ნაკაიძემ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.
სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რომელშიც ის ბრალდებულია, განაცხადა ნადირაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.
აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე, ნათქვამია პროკურატურის მასალებში.
სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს >>
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნაკაიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ აჩერებს მასთან თანამშრომლობას. ხოლო მისი უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში ტელეარხი მზადაა განიხილოს საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.
ნაკაიძე „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი იყო.