ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, ფორუმზე 150-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა დაიწყო>>>
სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ–დეკემბერში კიდევ ხუთი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, 15 ნოემბერს – რუსთავში, 17 ნოემბერს – მარნეულში, 29 ნოემბერს – თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის – ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 2 დეკემბერს – თბილისში, (დასაქმების ფორუმი შშმ პირებისთვის), 9 დეკემბერს – გორში.
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.