საიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?

„ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენთან დაფრთიანებული ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“ – გვითხრა კულტურის მუშაკმა თამარ ჯაბადარმა, რომელიც საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია.
Sputnik
ამ თანამდებობაზე წლების მანძილზე მუშაობს და მის ხელში არაერთმა, მომავალში წარმატებულმა ადამიანმა გაიარა.
თამარ ჯაბადარი
- ქალბატონო თამარ, რა გახსენდებათ ბავშვობიდან, რომელიც საგარეჯოში გაატარეთ?
- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე. მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით.
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
- ისტორიისადმი სიყვარულიც, ბუნებრივია, თქვენი კუთხის სიყვარულით დაიწყო..
- დიახ, ასეა. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?!
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
- დღეს საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ხართ და ეს ადგილი ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
- ამ სახლს თავისი დიდი ისტორია აქვს, რას გაიხსენებთ?
- სახლს, რომელიც 1953 წელს დაარსდა, საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს თავისი ისტორია აქვს და დიდი ტრადიციები ჰქონდა. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი. ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა.
თამარ ჯაბადარი
- საიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?
- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება. საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე – კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა – პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლო ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის...
ნინო მამულაშვილი