თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ღორის გრიპის“ გავრცელების პიკი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იქნება. მედიკოსები ამის მიზეზად აღნიშნული ვირუსის გავრცელების რამდენიმე ტალღას ასახელებენ, რომელიც წელს დაფიქსირდა.
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე საშიშია, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. იგი გრძელდება 3-5 დღე და ხასიათდება გართულებებით. ვირუსისგან თავის დასაცავად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, აცხადებენ ექიმები.
საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება. მანამდე უფასო ვაქცინაცია ხელისაწვდომი იყო მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. უფასო ვაქცინაციის გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფი–პასტერის" (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
პროცესში დაახლოებით 400 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. 200 ათასი დოზიდან 10 ათასი უკვე გაიხარჯა.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნავენ ექსპერტები.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა და გრიპის გავრცელების საფრთხე გაიზარდა.