პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა

ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული, მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის” მფლობელ ვაჟა მელაძეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მანამდე მელაძეს დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი წარედგინა – უწყება მას 26 მოქალაქის 473.252 ლარის თაღლითური გზით დაუფლებას ედავება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის ერთ-ერთი მელაძის მეუღლეა.
უწყების ცნობით, ბრალდებული მას შემდეგ მიიმალა, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. გირაოსთან ერთად მელაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. თუმცა ბრალდებული გამოძიებას მიემალა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლით წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების წარდგენის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე.
ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ბრალდება უფრო დამძიმდება.
ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 31 ოქტომბერს თაღლითობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ორ პირს, მათ შორის ერთი კომპანია „მელაძის" მფლობელის მეუღლეა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულის მეუღლე უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია „მელაძის” დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა.
უწყების ცნობით, რადგან მელაძის მეუღლეც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით აგრეთვე პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებას თითქმის ყოველდღე მიმართავენ ახალი დაზარალებულები. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719.408 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სხვების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურში სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე.