„ნაციონალური მოძრაობა“ განხეთქილების ზღვარზეა: რა ხდება ოპოზიციურ პარტიაში?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შესამჩნევად კარგავს პოზიციებს და მხარდაჭერას.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილმა პოლიტსაბჭოს და პარტიის თავმჯდომარის ვადაზე ადრე შეცვლა მოითხოვა, რამაც ლიდერებს შორის განხეთქილება გამოიწვია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ერთი წელიწადია შესამჩნევად კარგავს პოზიციებს და მხარდაჭერას. ბოლო გამოკითხვების თანახმად, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9%-15% იყო.

„ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ხელახლა აირჩიონ პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და, რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ.

პარტიის განახლების აუცილებლობაზე „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც საუბრობენ.

„პროცესები გამწვავდა გარკვეულწილად, ცალსახად აისახება მიმდინარე პროცესებზეც. ამიტომ როდესაც შენი ამომრჩევლები არიან დეზორიენტირებული, მნიშვნელოვანია, პარტიამ აჩვენოს განახლების, ახალი ლეგიტიმაციის შესაძლებლობა“, – აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საუბარია პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას შეცვლაზე.
ნიკა მელია
„როდესაც ნიკა მელია ავირჩიეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე სხვა ამოცანები იდგა, დღეს კი პარტიის წინაშე სხვა ამოცანებია. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ“, – აღნიშნა კირკიტაძემ.
მაგრამ შიდა პოლიტიკური პროცესების საჯარო განხილვას ყველა არ ეთანხმება.

„ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ბევრ საკითხზე და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა ამაზე განცხადებების კეთება“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება თავად პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის განახლებისა და თავმჯდომარის პოსტზე მისი შეცვლის მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“?

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
იმ პერიოდში ნიკა მელია შიდა კენჭისყრის შედეგად იქნა არჩეული და უკან ჩამოიტოვა ლევან ვარშალომიძე, რომელსაც პარტიის ძველი გვარდია უჭერდა მხარს.
ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და არაერთხელ განაცხადეს ინტერვიუში, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასობაში მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტი იყო, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
პარტიაში ასეთმა სტაგნაციამ გამოიწვია იმათი უკმაყოფილება, ვინც „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე აშენებდა, და პარტიის ლიდერების ნაწილმა მელიას მისამართით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.
ბოლო წვეთი გახდა მელიას კონფლიქტი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია.
მელიამ ღიად განაცხადა, რომ კეზერაშვილმა თავი შორს უნდა დაიჭიროს ქართული პოლიტიკიდან და მას საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანთან.
კულუარული ინფორმაციით, ეს განცხადება არ მოეწონათ არც კეზერაშვილს, არც პარტიის აქტიურ ლიდერებს. ბიზნესმენმა მელიას „ფორმალური ლიდერიც“ კი უწოდა.
მელია ამჟამად ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რომელთან საუბარსაც თანხმდებიან წვრილი პარტიების ლიდერები, მათ შორის ისინი, ვინც „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს.