თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის COVID-19-ის შესახებ ყოველთვიური სტატისტიკის მიწოდება შეწყვიტა, განაცხადეს უწყებაში.
ბოლო დროს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება და ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროში ვერ ხედავენ აუცილებლობას, რომ ვირუსით დაავადების შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნონ.
ამავდროულად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გააგრძელებს მონაცემების შეგროვებასა და მონიტორინგს. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციისგან საჭირო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა შეუძლიათ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სტატისტიკას მოსახლეობას ყოველდღიურად აცნობდნენ. მიმდინარე წლის მაისიდან სტატისტიკის განახლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გვერდზე ყოველკვირეულად ხდებოდა, ხოლო ოქტომბრიდან მისი განახლება ყოველთვიურად დაიწყეს.