თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. რიგით მე-12 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმი–დიალოგი, სადაც შეიკრიბნენ ლიტერატურული აგენტები და გამომცემლები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან, თბილისში 8-10 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.
ორგანიზატორთა თქმით, 2011-2021 წლებში ტრადიციული ლიტერატურული ფორუმი–დიალოგის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან 160-ზე მეტი პროფესიონალი გამომცემელი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი ქართული წიგნის საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ.
წელს ფორუმში შვიდი ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს:
ფლორა მორისე (Flora Moricet - La manufacture de livres)
ფანი მოსიერი (Fanny Mossière - Éditions Noir sur Blanc)
მირიამ ილვასი (Mirjam Ilvas - Schildts & Söderströms)
იუსი ტიიჰონენი (Jussi Tiihonen – Teos)
მაიკლ მაკკოული (Michael McCaughley - Calmann-Levy)
ალა კოსტოვსკა, გამომცემლობა „კომორა“ (Alla Kostovska -Komora publishing)
კამილა პოლიანი (Camille Paulian - Trames Lit Agency)
„სპეციალურად შემუშავებული სამდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ქართული წიგნის ბაზარს, სექტორში მიმდინარე მოვლენებს, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პროფესიულის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით. პროექტის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.
წყარო - მწერალთა სახლი