თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ და იაპონიამ გააფორმეს ინვესტიციების დაცვის შეთანხმება და ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, განუცხადა ტოკიოში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა გამართა შეხვედრები იაპონიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს და იაპონიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის სხდომაში.
„ქვეყნებს შორის დადებულია ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, რაც ახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში. უკვე დიდი ინვესტორები გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო პოლიტიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც რეგიონში არსებობს.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს ახალი პერსპექტიული როლი მიმოიხილეს.
„ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იაპონიის შემდეგ პაპუაშვილი გაემგზავრება სამხრეთ კორეაში, სადაც აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ კიმ ჩინ-ფიოსთან.