ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) შესასრულებლად გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, გვარდიის სხვა წარმომადგენლებმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა გააცილეს.
მათ პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან
ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კაპიტან თორნიკე ღარიბაშვილის მეთაურობით სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე შეასრულებენ.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრულირება და ესკორტირება იქნება.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან
ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
აღნიშნულ მისიაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი), ასევე ევროკავშირის არაწევრი ხუთი ქვეყნის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, საქართველო, სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია) სამხედრო შენაერთები.