ქართველი კალათბურთელები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან

ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები 11 და 14 ნოემბერს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ისლანდიაში შედგება, მეორე კი თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩისთვის გამოიძახა გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე და ბექა ბექაური.
რაც შეეხება გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ის გუნდს თამაშის წინა დღეს შეუერთდება, „ვირტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირების შემდეგ.
ქართველი კალათბურთელები ისლანდიაში ჯერ კიდევ გუშინ გაფრინდნენ, მაგრამ რეიკიავიკში 24-საათიანი დაგვიანებით ჩავლენ. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაჰყოლოდნენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა.
ნოემბრის მატჩების შემდეგ ქართველი კალათბურთელები უკვე მომავალ წელს, 23 თებერვალს ნიდერლანდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიასთან საპასუხო მატჩს ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება.