ილია ჭავჭავაძე: ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან

საქართველო დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიან 185-ე წლისთავს აღნიშნავს.
Sputnik
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, ადამიანი, რომელმაც მე-19 საუკუნის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა, ხოლო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში სულაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
ქვემოთ ილიას რამდენიმე გამონათქვამს შეგახსენებთ, რომლებსაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არ დაუკარგავთ აქტუალობა. უფრო მეტიც, თუ ენობრივ თავისებურებებს არ გავითვალისწინებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სიტყვები ახლა, ჩვენს დროშია წარმოთქმული.
ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.
გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.
კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი „არა“ იქნებოდა, რასაკვირველია „მაშ, არც ის იქმოდა“, – დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი, თავგანწირული კაცი, გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში.
რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა, ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.
გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.
ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა.
ადამიანს, ხორცის გარდა, ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი.
უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია.
რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის „მეს“ ხსენებით მიზეზი მიეცემა, იაფის ფასის ლიბერალობა გასწიოს...
გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს – ცუდი, ავს – ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად?
შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება და ამ წუთისოფელში ვერას გახდება...