თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო, თუმცა მანამდე ამ პირის მიმართ აღძრული იყო საქმე 141-ე, „გარყვნილი ქმედების“ მუხლით.
რამდენიმე დღის წინ პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თავად ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბრალდების გახმაურების შემდეგ მასწავლებელს ურთიერთობა დაეძაბა კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან.
მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტელეარხის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მასწავლებლის მხრიდან სქესობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.