მსოფლიო დღეს

დესტაბილიზაცია რეგიონში: ავღანეთში ვითარების გაუარესება დსთ-ის ქვეყნებს ემუქრება

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. ავღანეთში სიტუაციის გაუარესება ზრდის ცენტრალურ აზიაში დესტაბილიზაციის საფრთხეს, რაც დსთ-ის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრ ქვეყნებს ემუქრება, განაცხადა დსთ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენი სისოევმა ტაშკენტის კონფერენციაზე.
ტაშკენტში გუშინ SCO-ს რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის მერვე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „თანამედროვე უსაფრთხოება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“.

„გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ავღანელების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ, მზარდი ეთნიკური და კონფესიური უთანხმოებები, ტრანსსასაზღვრო დანაშაული და ნარკოტიკებით ვაჭრობა <...> მრავალჯერადად ზრდის სიტუაციის დესტაბილიზაციის საშიშროებას ცენტრალურ აზიის რეგიონში“, − თქვა სისოევმა.

როგორც სისოევმა აღნიშნა ავტორიტეტულ ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით, თუ „თალიბანის“ მთავრობა ვერ მოახერხებს ქვეყნის ეფექტურად მართვას, ავღანეთის მნიშვნელოვან ნაწილს საომარი მოქმედებები მოიცავს და ის ადგილობრივი ჯიჰადისტებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების კონტროლქვეშ აღმოჩნდება. ეს კი, მისი შეფასებით, „თანამეგობრობისა და SCO სივრცეში არასტაბილურობის ექსპორტს გაზრდის“.