მომავალი პოლიტოლოგი ვენაში – როგორ უნდა ისწავლო „ყველაფერში თავისუფლად ცურვა“

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ვენაში მცხოვრებ თეონა ამაღლობელს და მის საქმიანობას გაგაცნობთ.
Sputnik
პირველი უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო. როდესაც პრიორიტეტები შეეცვალა, ახალი პროფესიის ასათვისებლად გადაწყვიტა საცხოვრებლად უცხოეთში გადასულიყო.
2016 წელს ჩავიდა ავსტრიაში, სადაც ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლა მაგისტრატურის პროგრამით გააგრძელა. პარალელურად ცდილობს სხვადასხვა მიმართულების ემიგრაციულ ორგანიზაციებში ქართული საქმე აკეთოს.
თეონა ამაღლობელი
- თეონა, ავსტრიამდე რა გზა გაიარეთ და რატომ გადაწყვიტეთ პროფესიის შეცვლა?
- დავიბადე და გავიზარდე სამტრედიის რაიონის სოფელ გომში. საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. ზუსტად ვიცი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გლობალური საკითხების შესახებ სიღრმისეული ცოდნა დააგროვო. ესაა დისციპლინა, რომელიც სახელმწიფოების ქცევის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს იძლევა. სწორედ ამიტომ 2016 წელს სასწავლებლად ავსტრიაში ჩამოვედი. ამ წლის მარტში ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.
თეონა ამაღლობელი
- ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენი მომავალი განსაზღვრა?
- პირველ რიგში, ესენი არიან ჩემი მშობლები. არ შემიძლია მამის როლი განსაკუთრებით არ გამოვყო, რადგან ბავშვობიდან მექცეოდა როგორც ზრდასრულს. საკუთარი თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან მიმაჩნდა, რადგან მამა ხშირად მეკითხებოდა, სწორი იყო თუ არა ოჯახის ესა თუ ის გადაწყვეტილება. მეც მჯეროდა, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ამან გამხადა თავდაჯერებული და წარმატებაზე ორიენტირებული. ამავე დროს დედას ქება და კრიტიკაც ყოველთვის ობიექტური იყო. სხვადასხვა სიტუაციებში ის ჩემ რომელიმე კონკრეტულ მოქმედებაზე საუბრობდა და არა ზოგადად ჩემ პიროვნებაზე. აქედან გამომდინარე, მშობლების როლი შეუდარებელია.
თეონა ამაღლობელი
- ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი რითია გამორჩეული და რით განსხვავდებოდა თბილისური სტუდენტობისგან?
- ჩემი აზრით, საქართველოსა და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემებს შორის მხოლოდ მცირე განსხვავებებია. ქართველი ლექტორების დღემდე მადლიერი ვარ, რადგან ისინი ბოლომდე იხარჯებიან შენთვის და ცდილობენ, საკუთარი ცოდნა-გამოცდილება საფუძვლიანად გაგიზიარონ. ავსტრიაში სხვა შესაძლებლობები არსებობს, რადგან აქ მყოფი სტუდენტებისთვის ინგლისური ენა მშობლიურივითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული განვითარებისთვის ზღვა მასალა გაქვს – ლამის წინა დღით დაწერილი კვლევები და ახალი გამოცემული წიგნები. ამიტომ ჩემთვის ეს იყო დიდი ფუფუნება, რამაც ბევრი რამ სულ სხვა კუთხით დამანახა. კიდევ, ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი სფერო – დიპლომატია და ფსიქოლოგია ერთმანეთს დავუკავშირო.
თეონა ამაღლობელი
- სწავლის დროს საინტერესო შემოთავაზება თუ გქონდათ?
- პოლიტოლოგიაზე სწავლის პარალელურად ვიყავი დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში SWAF, რომელიც მიგრანტებს განვითარებასა და ინტეგრაციაში ეხმარება. თუმცა ძალიან მალე ერთ-ერთი ავსტრიული გამოცემისგან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. ჟურნალ Cover-ში, რომლის ნომერი წელიწადში ორჯერ გამოდის და ავსტრიას, გერმანიასა და შვეიცარიას მიეწოდება, ჯერ მარკეტინგში ვმუშაობდი, შემდეგ კრეატიული დირექტორის პოსტიც დავიკავე.
2016 წელს, სლოვაკეთში ყოფნის დროს
- „ქართულ-ავსტრიულ კულტურის ცენტრში“ როდიდან ხართ?
- ეს ორი ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ავსტრია შრომისმოყვარე ადამიანებით დასახლებული ტრადიციული, სტუმართმოყვარე და დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა.
ქართულ-ავსტრიულ კულტურის ცენტრში დაფუძნების დღიდან ვარ. მისი დირექტორი და დამფუძნებელი ავსტრიაში მოღვაწე უნიჭიერესი მუსიკოსი ია ღვინიაშვილია, რომელმაც ამ ორგანიზაციაში დიდი შრომა და ენერგია ჩადო, რაც შედეგზეც აისახა.
თეონა ამაღლობელი
- რომელია ამ ცენტრის ყველაზე შედეგიანი აქტივობა?
- ჩვენი ორგანიზაცია ჯერ ერთი წლისაც არ არის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მისი წყალობით ქართული ენის მიმართ ინტერესი უკვე ბევრ ავსტრიელს გაუჩნდა. ენის შემსწავლელ ჩვენს უფასო კურსებზე უკვე ბევრმა ადგილობრივმა შეისწავლა ქართული, ქართველებმა კი გერმანული აითვისეს. ამ გზით ვცდილობთ ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირებს ჩაეყაროს საფუძველი.
თეონა ამაღლობელი
- თქვენ ასევე ხართ ორგანიზაციაში „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“...
- დიახ, აპრილიდან ორგანიზაციის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" ავსტრიის წარმომადგენელი ვარ. ორგანიზაციის ბაზაზე დაარსებულმა ფონდმა ავსტრიიდან ქართველებისა და საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლო. ამ ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი ჩვენი ქვეყნის პატრიოტი თიკა სვანიძე-ვენკოა. ეს ორგანიზაცია ემიგრანტებს და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს უწყობს ხელს. ამგვარი საქმიანობა კი პირდაპირ კავშირშია ჩემს პროფესიასთან, რაც ძალიან მომწონს. პანდემიის დროს, როცა გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ორგანიზაციამ მოახერხა და ავსტრიაში მყოფ ბევრ სტუდენტს და არა მარტო სტუდენტს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა. ამის გამო დღემდე გამოხატავენ მადლიერებას.
2018 წელი, ერთ-ერთი აქტივობის დროს
- რა თემაზეა წიგნი, რომელიც გინდათ გამოსცეთ?
- ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო და კერძების საკუთარი ინტერპრეტაციით მომზადება. ქართული სამზარეულო ძალიან ინდივიდუალურია და ამ ინდივიდუალურობას მოვლა, გაფრთხილება, გამრავალფეროვნება და განახლება სჭირდება. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოვცე კულინარიის ისეთი წიგნი, სადაც, ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ფრაზა „მარილი გემოვნებით“ არ იქნება. იმედია, ეს წიგნი ბევრს დააინტერესებს და სხვა ენებზეც ითარგმნება. ახლა ავსტრიაში „ლოკდაუნია“ და ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება სამომავლოდ გადავდე...
2019 წელი, მეგობრებთან ერთად
- თუმცა ასეთ დროს ფიქრისთვის უფრო დიდი დრო რჩება...
- ძალიან დამღლელია, როცა ამდენი ხანი სოციალურ კონტაქტებს გვიკრძალავენ, მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესო და კარგი შესაძლებლობაა – საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩე, გააანალიზო შენი ცხოვრება, მომავალი დაგეგმო, უკეთ გაიცნო და გააცნობიერო საკუთარი თავი, გადააფასო რაც გადასაფასებელია. რაც მთავარია, მზად იყო ახლის მისაღებად.
თეონა ამაღლობელი
- რის შიში აქვს თეონა ამაღლობელს?
- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი დარდი, თავისი წუხილი, წარუმატებლობა, ჩავარდნა, თავისი შიში არ ჰქონდეს. არ არსებობს ადამიანი თავისი „პირადი დემონის“ გარეშე. უბრალოდ, ამაზე ხმამაღალა არავინ ლაპარაკობს. თითქოს, ეს ის არის, რაც უნდა დამალო და მიჩქმალო. შენი „საგარეო” სახე კი ძალიან გმირული უნდა ჩანდეს. თითქოს, რაც უფრო მეტად მაგრები გამოვჩნდებით, სინამდვილეშიც უფრო მაგარია. არადა, ყველამ ვიცით, საკუთარ თავთან დარჩენის დროს მაინც, როგორი ადამიანურია ეს მომენტი: იყო ის, რაც ხარ და ამ ყველაფერში თავისუფლად ცურვა ისწავლო...