თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შეიძლება იყოს საუბარი, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. საავადმყოფოში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოხვდა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც 50 დღის შემდეგ შეწყვიტა. ის უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც მისი ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.
„დიაგნოზები, რომლებიც დასვეს ამერიკელმა ექიმებმა, ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან სერიოზულად განსხვავდება. მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა იყოს საუბარი. ამ დიაგნოზებს თუ გავყვებით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებულება მის გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ისიც მნიშვნელოვანია, რომ დაკავებისას სააკაშვილი ჯანმრთელი იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა, მისი მდგომარეობა ეტაპობრივად დამძიმდა.
„ქართული კვლევების მიხედვით დაუდგენელია, რატომ აქვს სიცხეები, თუმცა ამერიკელებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, რატომ მივიდა სააკაშვილი რამდენიმე თვეში ასეთ ცუდ მდგომარეობამდე და რა გახდა ამის მიზეზი. მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ისევ ცუდი ფერი აქვს, გადაადგილება უჭირს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევაა დანიშნული, რასთან დაკავშირებითაც დასკვნა ნოემბრის ბოლოს მომზადდება.
„კიდევ დანიშნულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა და პასუხებს უნდა დაველოდოთ. დასკვნა უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მივმართოთ სასამართლოს. საუბარია ნევროლოგიურ პრობლემებზე. ახლა ჩამოდის ფსიქიატრი და ტოქსიკოლოგის დასკვნასაც ველოდებით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.