ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულმა ერთ-ერთ ფერმაში მომუშავე ცოლ-ქმარი მათი კუთვნილი 20 ათასი დოლარის მისაკუთრების მიზნით მოკლა.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ქურდობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 34 წლის გიორგი გაწირიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც აღნიშნული სოფლის მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20 ათასი დოლარი ჰქონდა შენახული.

აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით 2022 წლის 10 თებერვალს ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
გარდა ამისა, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილთა არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი თოკით დააბა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის სამი მუხლით – 109-ე მუხლის მესამე, 143-ე მუხლის მეორე და მესამე და 177-ე მუხლის მეორე ნაწილებით.